ახალი ამბები
ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რათა აფხაზებთან ერთად ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ - პრემიერი
ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სადაც თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.

"დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. დაპირისპირება კი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

აფხაზეთში 27 სექტემბერს ქართველებისგან სოხუმის "გათავისუფლებას" აღნიშნავენ.