ახალი ამბები
სწორედ ეს ხსოვნაა, რაც ამ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების ძლიერ სიმბოლოდ - მინისტრი 27 სექტემბერზე
ზუსტად 27 წლის წინ, 27 სექტემბრის ამ უმძიმეს დღეს ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ იცლებოდა ქართველებისგან სოხუმი, ისინი ტოვებდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქს, რასაც თან სდევდა უამრავი ცრემლიანი და ტრაგიკული ისტორია, - განუცხადა ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ეს დღე უკავშირდება ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის შეწყვეტილ სიცოცხლეს, დევნილობას.

"პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სწორედ ეს ხსოვნაა, რაც დღევანდელ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების უპირობო მნიშვნელობის ძალიან ძლიერ სიმბოლოდ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები. დარწმუნებუული ვარ, რომ გამოიღებს შედეგს", - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად გვირგვინებით შეამკო დაღუპულთა მემორიალი.

მოგვიანებით თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალთანაც იმყოფებოდა, სადაც მის ხსოვნას პატივი მიაგო.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.