ახალი ამბები
კორონავირუსით 82 წლის ქალი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 82 წლის ქალი ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. საავადმყოფოს განმარტებით, ის 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდიდან" მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული დიაგნოზით შემოიყვანეს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

"კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,"- აღნიშნა მან.

საქართველოში დღეს კორონავირუსით უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში 35 გარდაცვლილი.

ქვეყანაში 5866-მდე გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, 2324 კი გამოჯანმრთელდა.