ახალი ამბები
პისიარ ტესტის მქონე მგზავრებს კარანტინში აღარ გადაიყვანენ
საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს, პისიარ ტესტის ქონის შემთხვევაში, 8 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება პისიარ ტესტი, კარანტინის ნაცვლად, ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში, 12 დღის განმავლობაში. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ პისიარ ტესტი, მათ შეეძლებათ ისევ გამოიყენონ საკარანტინე სივრცეები. ამით ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ჩვენს ეკონომიკაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკარანტინე სივრცეებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე.

"რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინე სივრცე არის ძირითადი ბუფერი იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება დამატებითი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.