ახალი ამბები
ზუგდიდში საცურაო აუზის თანამშრომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდში მოქმედი საცურაო აუზის "კლუბ 407-ის" ადმინისტრატორის მეუღლეს 16 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის აუზის არცერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ გადასულა. "კლუბ 407" სადაც ყოველდღიურად 50-მდე ბავშვი დადის ცურვის გაკვეთილებზე, მათ შორის ადმინისტრატორის შვილები, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

როგორც "ლაივპრესს" საცურაო აუზის დამფუძნებლის თანაშემწე მონიკა კვიკვინიამ განუცხადა, ადმინისტრატორი, რომლის ოჯახის წევრსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლო 2 დღეა სამსახურში არ ყოფილა, ისევე როგორც მისი შვილები. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ დაწესებულებაში მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოა.

"ადმინისტრატორები მორიგეობით მუშაობენ და შესაბამისად ბოლო 2 დღეა ჩვენთან არ უმუშავია დედას და არც თვითონ ბავშვებს უწევდათ ვიზიტი. შესაბამისად არ არის იმის საშიშროება, რომ რაღაც შეიძლება იყოს", - განმარტა მონიკა კვიკვინიამ.

მისივე მტკიცებით, დაწესებულებაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მონიკა კვიკვინიამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სამუშაოები საცურაო აუზში ყოველდღიურად ტარდება. მისივე ინფორმაციით, თითო ჯგუფში 10 ბავშვია და ყოველდღიურად ცურვის გაკვეთილებზე 50-მდე მოზარდს უწევს მოსვლა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ "ლაივპრესს" განუცხადა, ინფიცირებული მამაკაცის ცოლ-შვილი იზოლაციაში იმყოფებიან და მათ რაიმე საეჭვო ნიშნები არ აქვთ.

"უკვე ტესტირებები აღარ ხორციელდება. 12 დღის შემდეგ მიმდინარეობს ტესტირება. იმ შემთხვევაში თუ კონტაქტირებულ პირს აღენიშნება კლინიკური ნიშნები. მათ ეს ნიშნები არ აქვთ ეს ნიშნები", - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ყველა ის პირი ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ მამაკაცთან, გადავიდა იზოლაციაში.

რეგიონის მასშტაბით, 16 ოქტომბერს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 26 ზუგდიდში.