ახალი ამბები
ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ - გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადდება. მისი სიტყვებით, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერც გაუძლებს.

გიორგი გახარიას თქმით, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რაც ყველას უნდა ესმოდეს.

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი, მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორად დაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე ისაუბრა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, როგორც განმარტა, მაშინ კარანტინის გამოცხადება აუცილებელი იყო, რადგან ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში.

„მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და მსოფლიოსთან ერთად ამ ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ცოდნა არ გვქონდა, იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ვაქცინა არ გაჩნდა, დღეს ვართ სხვა მდგომაროებაში. მაშინ მკაცრი შეზუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში უკვე მეორე დღეა ინფიცირებულთა რიცხვი 1000-სს აჭარბებს. ქვეყანაში 18 663-მდე გაიზარდა დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი.

გამოჯანმრთელდა სულ 8 338 მოქალაქე, 143 კი გარდაიცვალა.