ახალი ამბები
ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე კრიმინალური მენტალობის პირები გადაადგილდებიან - ISFED
"სამართლიანი არჩევნების" რეგიონული წარმომადგენლის განცხადებით, ზუგდიდის ორ საარჩევნო უბანზე, არაუფლებამოსილი და კრიმინალური მენტალობის მქონე პირები დააფიქსირეს. დავით ლოგუას თქმით, ფაიფურის 21-ე უბანზე კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები გადაადგილდებოდნენ როგორც უბანზე, ისე მის გარეთა პერიმეტრზე.

რაც შეეხება კომბინატის 26-ე საარჩევნო უბანს, არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენლის განმარტებით, აკრედიტაციის მქონე ქალს ხელში ეჭირა სია და სხვა პირებთან ერთად ათვალიერებდა.

"ეს ქალბატონი შევიდა უბანზე. ამან გარკვულწილად მოგვცა ეჭვის საფუძველი. გარეთ გარკვეული სიების ქონა და მისით მანიპულაცია ეჭვის საფუძველია, რომ რაღაც არც ისე კარგად არის საქმე", - აღნიშნა დავით ლოგუამ.

მისივე თქმით, სიებთან დაკავშირებით ფოტომასალაც აქვთ. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია ახალი არ არის და ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე.

უბანს გარეთ მას ჰქონდა რამდენიმე სია ეს არის ეჭვის საგანი, რომ არაუფლებამოსილი პირები იყვნენ ისინი, რომლებიც იყვნენ ფაიფურის დასახლებაში და იმ უბანზე, სადაც ვიყავი, არაუფლებამოსილი პირები იყვნენ. კონკრეტულად კრიმინალური მენტალობის ადამიანები, რომელთა გადაადგილებაც უბანზე დაფიქსირდა და გარე პერიმეტრზე.

21-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა არ დაუფიქსირებია. სალომე წულაიას თქმით, ის უფრო უბნის შიდა ტერიტორიაზეა ორიენტირებული, და გარეთ რა ხდება, ამაზე ვერაფერს იტყვის.

ის ირწმუნება, რომ შიგნით ისეთი არავინ შემოსულა, ვისაც ბეიჯი არ ჰქონდა და არაუფლებამოსილი პირი იყო. არც ინფიცირებული კომისიის წევრები ჰყავთ, რომ ისინი სხვა ადამიანებს ჩაენაცვლებინათ.

ამ უბანზე სულ 1026 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 190-მა გააკეთა.

თავის მხრივ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით არაუფლებამოსილი პირი არსად არ იმყოფება.

"ბოლო ჩანაცვლებები ვისაც ჰქონდა, მათ შესაბამისად არ ჰქონდათ აკრედიტაცია. პარტიებს ჰქონდათ ცალსახად, დღესაც აქვთ ეს უფლებამოსილება, რომ ინფიცირებული ადამიანი ჩაეხსნას პროცესს და შეიყვანოს ახალი წევრი და ვინც წუხელ ღამით გამოიცვალა და დღეს დილით ახალი წევრი იყო, ის შესაბამისად იქნებოდა აკრედიტაციის გარეშე. მაგრამ ყველა დაუწყებულია. ბაზაში რეგისტრირებული ხალხი იმყოფება ამ უბნებზე", - განმარტა მირანდა მესხმა.