ახალი ამბები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.