ახალი ამბები
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პურის ფასი არ გაიზრდება - მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, საქართველოს მთავრობა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუბსიდირებს. მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა, თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება იყო, რომ არსებობს ობიექტური გარემოება, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება და საუბრობდნენ, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი, რომ სუბსიდირების გარკვეული სქემა განიხილებოდა. ამ ინფორმაციას ვადასტურებთ. არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პური განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტია", - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ოთხთვიანი პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. ოთხი თვის შემდეგ კი დააკვირდებიან, როგორი ვითარება იქნება საერთაშორისო ბაზარზე.

მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები საკმარისია.