ახალი ამბები
იზოლაცია-კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 244 პირი დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 244 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი დააჯარიმა. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი, 1 177 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 135 584.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევაა. სულ კი 1 267. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ჯამში კი 113 986-მდე.