ახალი ამბები
სოფელ ინგირში, 150 ოჯახი ახალ წელს წყლის გარეშე შეხვდება
ზუგდიდის სოფელ ინგირში 150-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

"აქამდე უწყვეტ რეჟიმში გვქონდა სასმელი წყალი, თუმცა ოქტომბრიდან შეგვიწყდა, მაშინ გვითხრეს, რომ ახალ პროექტს აკეთებდნენ და წყლის მიწოდება მალე განახლდებოდა. შემდეგ ახალი ჭაბურღილი გათხარეს, საიდანაც სასმელი წყალი სულ ცოტა ხნით გვქონდა დღის განმავლობაში, თუმცა 3 დღეა ისიც არ გვაქვს, გვითხრეს, რომ სინჯებზე წაიღეს და სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, ახალი წლის დღეებში კი წყლის გარეშე დავრჩით, არავინ გვეუბნება როდის გვექნება", - უთხრეს "ლაივპრესს" ადგილობრივებმა.

რატომ არ მიეწოდება წყალი ინგირის მოსახლეობას, ამაზე ზუგდიდის მერიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან.

"ვიცით ამ პრობლემის შესახებ და ვმუშაობთ მის მოგვარებაზე", - განაცხადეს მერიაში.