ახალი ამბები
საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს.

ნიკოლოზ სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საიას გამგეობის წევრად აირჩიეს.

2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

საიას ინფორმაციით, ის დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.

ნიკოლოზ სიმონიშვილს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ნიკოლოზ სიმონიშვილმა ამ თანამდებობაზე სულხან სალაძე შეცვალა.

თამჯდომარე ერთი წლით ვადით აირჩევა. მისი არჩევა შესაძლებელია ზედიზედ არაუმეტეს სამჯერ. 

მანამდე ორჯერ გაიმართა თავმჯდომარის არჩევის პროცედურა, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.