ახალი ამბები
პატიმრობაში მყოფ ბიძინა ესებუას კორონავირუსი დაუდასტურდა - ადვოკატი
ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ, ძებნილ ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მოსალოდნელია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რის გამოც გეგმავს სასამართლოს მიმართოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე. მოთხოვნა იქნება ბიძინა ესებუას პატიმრობიდან გათავისუფლება.

იოსებ ჯანაშიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დაკავებულს 37 გრადუსამდე აქვს მომატებული სხეულის ტემპერატურა და აღენიშნება ზოგადი სისუსტე.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვს ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას. ჯანაშიას ცნობითვე, დაკავებულს კორონავირუსი 3 დღის წინ საპატიმროში დაუდგინდა. მასთან ერთად საკანში მყოფი ექვსი მსჯავრებული იზოლაციაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში კი კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრლდებული, ძებნილ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს დააკავეს ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები. 

ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს. ამბობს რომ იარაღი პოლიციამ „ჩაუდო“. მას 14 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სპეცოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიმალვა შეძლო. სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. მათი ინფორმაციით, ეს არის ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მცხოვრები, 32 წლის ბადრი ესებუა. გამოძიება 236-ე, 323-ე, 329 - ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვას და ტარებას გულისხმობს.