ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის 1 ააიპი ორად გაიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, "მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" რეორგანიზაციის საკითხი, რამაც დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას განცხადებით, საუბარია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისგან სახელოვნებო სკოლების გამოყოფაზე.

მისივე თქმით, 2018 წელს 5 ააიპი გაერთიანდა, თუმცა მუშაობის სპეციფიკამ აჩვენა, რომ სასახლე ფუნქციურად განსხვავებული ორგანიზაციაა.

"საქართველოში სულ 6 სასახლეა, მათ შორის ზუგდიდის და რატომ არ უნდა იყოს ის ცალკე. მითუმეტეს, რომ ფინანსური ხარჯები არ იზრდება. პრობლემა იყო მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისთვისაც. კონკურსში მონაწილეობისას იყო გაურკვევლობა, ვისი სახელით უნდა გამოსულიყვნენ ისინი. ასევე დიპლომი სამუსიკო სკოლის 7 წლიანია, სამხატვროსი - 5, სასახლე კი ვერაფერს აძლევს. გამოყოფის შემთხვევაში კი ეს დიპლომი მეტად ვალიდური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამას არ მოჰყვება საშტატო ზრდა, მოხდება არსებული ადმინისიტრაციის გადანაწილება. გამოიყენება ამჟამინდელი რესურსი. ამჟამად, ეს ააიპ ფინანსდება 1 მილიონ 100 ათასით. ეს თანხა გაიყოფა", - განაცხადა ეკატერინე კიფაიამ.

უმრავლესობის წინადადებას ააიპ-ების გაყოფაზე არ დაეთანხმა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი ბათლომე შელია. მისი განცხადებით, გაერთიანების დროს, მთავარი მიზანი იყო ხარჯების ოპტიმიზაცია, მაგრამ მოხდა საპირისპირო და ააიპ-ებისთვის ბიუჯეტიდან ხარჯები გაიზარდა.

"მივიღეთ გაზრდილი ხარჯები. ასევე, რატომ არ იქნა თავიდან გათვალისწინებული ის ხარვეზები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ? პირველივე წელს იყო გასაკეთებელი და დაგვაგვიანდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოიწვევს ბიუჯეტის ზრდას. ამიტომ ნდობაა ნულოვანი. განვითარება ხდება არა შტატების გაყოფით, არამედ ბავშვებზე მორგებით", - განაცხადა ბათლომე შელიამ.

მისივე თქმით, ოპტიმიზაცის ნაცვლად ზუგდიდის ააიპ-ებში გაიზარდა ადმინისტრაციის შტატები, რაზეც დიდი საბიუჯეტო თანხები იხარჯება.

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ლაგვილავას განცხადებაზე, რომ აიპ-ის გაყოფა რეკომენდაცია იყო პროფესიონალებისგან და აქ პოლიტიკური ნიშნები არ უნდა ვეძებოთ, ბათლომე შელიამ უპასუხა:

"პროფესიონალები დიდი ხანი ამბობდნენ ამას, მაგრამ რატომღაც დღე ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ მე კითხვის ნიშნები მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე მაქვს პოლიტიკური უნდობლობა და ამიტომ არ ვუჭერ მხარს".

საბოლოოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა კიდევ 1 იურიდიული პირი - "სახელოვნებო სკოლების გაერთიანება", რომელიც მოიცავს სამუსიკო სკოლებს, საგუნდო სკოლას და სამხატვრო სკოლას.