ახალი ამბები
შპს "ზუგდიდაგროსერვისი" გაუქმდა
ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებული შპს "ზუგდიდაგროსერვისი" გაუქმდა. ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირა. წარმომადგნელობითი ორგანოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, საკრებულოს და მათი ფრაქციის რეკომენდაციაც იყო, სახელმწიფოს აუდიტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან ერთად, თუ ვერ წარმოადგენდა შპს იმ ხედვებს, საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც დაამტკიცებდა აუცილებლობას და მიზანშეწონილობას მისი ფუნქციონირების, ფუნქციონირებას შეწყვეტდა.

თავის მხრივ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მათ თანხმობა მისცეს მერს შპს "ზუგდიდაგროსერვისის" გაუქმებაზე. სანდრო სორდიას თქმით, დღეისთვის შპს-ს ფუნქციები არ არის სრულად რეალიზებული და საქმიანობა ატარებს ხარჯვით ხასიათს. სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს მის ლიკვიდაციას.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელიამ განმარტა, რომ დაგვიანებულია ეს გადაწყვეტილება, და "ზუგდიდაგროსერვისი" უფრო ადრე უნდა გაუქმებულიყო.

მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ მას უპასუხა, რომ მანამდე სწორედ ის პროცედურები გაიარეს, რის შედეგადაც დარწმუნდნენ, რომ შპს-მ ეფექტური მუშაობა ვერ უჩვენა. მისი განცხადებით, ზუგდიდი არის როგორც საქალაქო ტიპის დასახლება, ისე მუნიციპალიტეტში აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით გარკვეული სტრატეგიის თუ პოლიტიკის შემუშავება.

"ყველამ ძალიან კარგად ვიცით სახელმწიფო პროგრამების, მიმართულებების შესახებ ამ კუთხით. ვფიქრობთ და მიგვაჩნია და ესეც იყო ფრაქცია "ქართული ოცნების" რეკომენდაცია, შესაბამისი კომისიის რეკომენდაცია, რომ აუცილებლად ყოფილიყო რაიმე ფორმით ასახული მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში სოფლის მეურნეობა. ამიტომ გვინდა დავიწყოთ მსჯელობა, მას შემდეგ, რაც განხორციელდება სალიკვიდაციო პროცედურები, ხომ რ გვეფიქრა გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განმხორციელებელი განყოფილების ჩამოყალიბებაზე.

იყო ადრე მუნიციპალური სერვისების სამსახურში ეს მიმართულება, ეს რომ პრინციპში აღდგეს , მოხდეს მოდიფიკაცია ამ განყოფილების და განახორციელოს ზოგადი სტრატეგიული მიმართულება სოფლის მიმართულებით", - განაცხადა მერის მოადგილემ.

კონსტანტინე კაკავას თქმით, ერთად უნდა იმსჯელონ და ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა ეს მიმართულება და რა ფორმით, ან თუ არა, რატომ. მისი განმარტებით, ეს მაგალითად შესაძლოა იყოს საკონსულტაციო მიმართულება, რადგან ბევრი მოქალაქე მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუ როგორ ისარგებლონ სახელმწიფოს სერვისებით და პროგრამებით, ან შესაძლოა იმუშაოს იმაზე, თუ რომელ სოფელში რა კულტურა განვითარდეს. ამასთან, იმუშავებს დონორების მოზიდვაზე და ეს იქნება მოსახლეობის მხარდამჭერი ერთგვარი დამატებითი მექანიზმი.

"ზუგდიდაგროსერვისი" ის შპს-ეა, რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ამბობდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდა დაეფინანსებინა. ჯერ კიდევ შარშან, აპრილში, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის ბიუჯეტს 2018-2019 წლებში, 460 ათასი ლარი დაუჯდა შპს-ს დაფინანსება. ამ თანხის 85 % ხელფასებს მოხმარდა, ორგანიზაციის საქმიანობას კი არავითარი ეფექტი და სარგებელი არ ჰქონდა.