ახალი ამბები
სუპერ ბრძოლა იქნება - დავით ქირია შეჯიბრისთვის ემზადება
ზუგდიდელი კიკბოქსიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია რეიტინგში პირველ სპორტსმენს, სომეხ ჯორჯო პეტროსიანს დაუპირისპირდება. ბრძოლა 26 თებერვალს გაიმართება. დავით ქირიას დებიუტი აქვს ახალ ორგანიზაციაში "უან ჩემპიონშიფ".

"სუპერ ბრძოლა იქნება და გამარჯვების შემდეგ დიდი შანსია, რომ ქამარზე ვიბრძოლო, ანუ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე", - უთხრა კიკბოქსიორმა "ლაივპრესს".

ამბობს, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულია და გაიმარჯვებს. მოწინააღმდეგეს პირველად 2013 წელს შეხვდა და როგორც განმარტავს, უმნიშვნელო უპირატესობით დამარცხდა. მისი თქმით, ამჯერად გამაჯვებას არ დაუთმობს, რადგან მას შემდეგ ბევრად განვითარდა და გამოცდილებაც მიიღო.

დავით ქირიას განცხადებით გუნდთან ერთად მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები მაქსიმალურად შეისწავლა.

სპორტსმენი საქართველოში ემზადება.

"ძალიან კმაყოფილი ვარ შეკრებით. გრძელი შეკრება გამომივიდა, რადგან ნოემბერში უნდა მქონოდა დებიუტი, მაგრამ პანდემიის გამო გამიუქმდა და იქიდან მოყოლებული სულ ვარჯიშებზე და მზადებაში ვარ. ძალიან გამიგრძელდა პაუზა. კარგი იქნებოდა, რომ ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შემიშლის ხელს. მე პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და ასევე ვუდგები შესაბამისად. მთელი ეს პერიოდი ვიყავი დატვირთული, ვვარჯიშობდი და ფორმას ვინარჩუნებდი", - გვითხრა დავით ქირიამ.

დაპირისპირება სინგაპურში, 26 თებერვლას გაიმართება.