ახალი ამბები
აშშ გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მიღებულ ზომას - კელი დეგნანი
აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა.

პრემიერ-მინისტრმა, დღეს, დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.

მანამდე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოითხოვს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2020 წლის 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებას.

რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებამდე ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.

5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.