ახალი ამბები
გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის - პეტიცია
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შემუშავდა.

„მოვითხოვთ რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას! მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება!“,- ნათქვამია პეტიციაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დღეს განაცხადა, რომ ენგურის ხიდი გაიხსნა. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის სავალდებულო კარანტინის ვადა 12 -დან 5 დღემდე შემცირდა.

პანდემიის მიზეზით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა. მას შედეგ ის დროებით რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა.

გადაადგილების უფლების შეზღუდვასთან ერთად გალელებისთვის პრობლემას ქმნიდა პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო 12 დღიანი კარანტინიც. „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გზა გაიხსნება, კარანტინის გამო გადაადგილებაზე უარის თქმა მოუწევთ, რადგან ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველდღირად უწევდათ სხვადასხვა საჭიროებისთვის.