ახალი ამბები
მესტიის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით, შიდა ფრენები განახლდა. რეისები დღეიდან განახლდა და კვირაში ორჯერ შესრულდება.

მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰაერო ხომალდზე პირბადის ტარება.

„ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.

ავიაბილეთის ღირებულება მესტიის მიმართულებით ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს, ამბროლაურის მიმართულებით - 50 ლარს. სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. სამ წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა.

ცნობისთვის, ფრენები არ იყო შეჩერებული თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

ცნობისთვის, მთის კურორტებს მუშაობის განახლების უფლება ჯერ არ აქვთ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საკოორდინაციო საბჭო მათ გახსნას ნაადრევად მიიჩნევს.