ახალი ამბები
სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება - ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.

მისი სიტყვებით, არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

„ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა …“, - წერს სახალხო დამცველი ფეისბუკში.

თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს, დილაადრიან დაიწყეს. სპეციალური დანიშნულების რაზმები მობილიზებული იყვნენ, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ. განლაგდა სპეციალური ტექნიკა.

პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდეს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ პოლიციისთვის.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ. მანამდე საპარლამენტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".