ახალი ამბები
მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია -EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, დღეს მომხდარი მოვლენები პოლიტიკური პროცესების და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის კრიზისში შეყვანის უმძიმესი გამოცდილებაა.

EMC -ში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ დღეს სრულად თქვა უარი არსებული პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგიაზე და ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს რეპრესიული აპარატი და მექანიზმებია.

„სამწუხაროდ, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, ხელისუფლებას მიეღო ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არ გაიზიარა.

დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს.

მოვუწოდებთ: ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და მშვიდობისთვის;
პოლიტიკურ ოპოზიციას გადადგან დეესკალაციისკენ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯები;

მოგვიანებით, EMC ოპერაციის ჩატარების ცალკეულ სამართლებრივ პროცესებს დამოუკიდებლად შეაფასებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს, დილაადრიან დაიწყეს. სპეციალური დანიშნულების რაზმები მობილიზებული იყვნენ, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ. განლაგდა სპეციალური ტექნიკა.

პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდეს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ პოლიციისთვის.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ. მანამდე საპარლამენტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".