ახალი ამბები
ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ვამაყობ თქვენით - პრემიერი მელიას დაკავებაზე
დღეს გავხდით მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შს მინისტრი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ნიკა მელიას დაკავებას. მან მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და სამართალდამცავებს იმისთვის, რომ მათ დაიცვეს "სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა".

მთავრობის მეთაურის თქმით, მელია კრიმინალია, რომელიც პოლიციამ დღეს დილით "მაღალპროფესიონალური" სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. ეს, როგორც განმარტა, მოხდა იმიტომ, რომ ის თანამოაზრებთან ერთად აპირებდა პარლამენტის შენობის შტურმს და გადაწყვიტეს სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშენებენ სამართლებრივ ქვეყანას, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.

"რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე ამერიკული დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისია. ვამაყობ თქვენით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ეს უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.

სპეცდანიშნულების რაზმმა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა.

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ.