ახალი ამბები
კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, "კოვაქსის", "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

"საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, კოვაქს-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი", განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ "ასტრაზენეკასთან".