ახალი ამბები
3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ქართველი მოჭიდავეების პირველი საფინალო დღე კიევში
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ საფინალო დღეს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს და გიორგი მელიას ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა დაეუფლა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია რომელიც გიორგი სულავამ მოიპოვა.

დღეს, შეჯიბრების ბოლო დღეს კი ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების 5 წევრი ფინალში იჭიდავებს, აქედან 2 ქართული ფინალი გაიმართება. 67 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ჯონი ხეცურიანს შეხვდება, ხოლო 130 კგ-ში იაკობ ქაჯაია ზვიად პატარიძეს დაეჭიდება,

მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე ამჯერად ზედა წონით კატეგორიაში 87 კგ-ის ფინალში იჭიდავებს, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი დათო ჩხარტიშვილს (60 კგ), ბაკურ გოგოლს (77 კგ), თორნიკე ძამაშვილს (87 კგ) და ლევან არაბულს ექნებათ.

თავისუფალი სტილით ნაკრებიდან კი ჩემპიონობისათვის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის გივი მაჭარაშვილი (125 კგ) იჭიდავებს, ხოლო თორნიკე ქათამაძე (61 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.