ახალი ამბები
ციხეში პატიმარს მძიმე დაზიანებები მიაყენეს
N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. პაციენტი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. თუმცა დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

"რაც შეეხება მომხდარს, დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა.-მ მიაყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი გაურკვეველია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ეცნობა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.