ახალი ამბები
"ფაიზერის" ვაქცინა 22 მარტის კვირაში შემოვა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია "ფაიზერის" სათავო ოფისთან და "კოვაქსთან" რის შემდეგაც გაირკვა, რომ "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. მისივე თქმით, ასევე მარტის ბოლოსთვის შესაძლოა "ასტრაზენეკას" ვაქცინაც შემოვიდეს.

"ფაიზერის" ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა "ფაიზერის" მიმართულებით დაიწყება. სიახლეა "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებითაც. "იუნისეფმა" მიიღო "ასტრაზენეკასგან" დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა "იუნისეფთან" და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია უნდა ქვეყანაში დაიწყოს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით,  ჯანდაცვის სამინისტროს "ფაიზერთან" ხარვეზი არასდროს ჰქონია.

ფაიზერთან" ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და "ფაიზერს" არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ, ამაზე შევთანხმდეთ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელის "ფაიზერს" სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენობით, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"ფაიზერის" 29 250 დოზა შემოვა და ის მედპერსონალის ასაცრელად არის განკუთვნილი.