ახალი ამბები
ზუგდიდში "ათასი მშობლის მარში" გაიმართა [ფოტო]
ზუგდიდში აქცია - "ათასი მშობლის მარში" გაიმართა.

აქციის ორგანიზატორის, ქალთა უფლებადამცველის ციცინო შენგელიას განცხადებით, აქცია იმართება პროტესტის 100 დღის ფარგლებში, სადაც ქალთა მოძრაობას წამოყენებული რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც ქალებზე ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს.

"ჩვენი მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმების თავიდან აცილება შევძლოთ, მნიშვნელოვანია ის ლოგიკური ვადა, რაც ჩვენ მივეცით სახელმწიფოს - 100 დღე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ველოდებით ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქალთა საკითხები დადგეს დღის წესრიგში.

მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ძალადობის სტატისტიკა და ყოველდღიურად გვესმის შემზარავი ფაქტები არასრულწლოვნებზე, გოგონებზე, ამიტომ ახლა თითოეული მშობელი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვის რეალური სისტემური ცვლილებები", - განაცხადა ციცინო შენგელიამ.

აქციის მოთხოვნებია: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი.

შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს.

სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას,

გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა.

დადგეს იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეს იძიებდა.

აქცია "ათასი მშობლის მარში" დღეს ზუგდიდის პარალელურად, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართა.