ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.

15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში "ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს.

ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში 18 მარტს.

ვაქცინაციის სამზადისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი გაეცნო.

მისი განმარტებით, ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს.

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ). COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა ნებაყოფლობითია!", - ნათქვამია რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ასტრაზენეკას“ პირველი, 43 ათასი დოზა საქართველომ კოვაქს პლატფორმისგან 13 მარტს მიიღო. თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი აიცრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე, 86 ათასი დოზა აპრილის მეორე ნახევარში შემოვა და ის რევაქცინაციას მოხმარდება, რადგან "ასტრაზენეკას" ვაქცინა ორჯერადად კეთდება.

როგორც მან აღნიშნა ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წელს ქვეყანაში მილიონ 700 ათასი ადამიანი აიცრება ორჯერადად.