ახალი ამბები
ზუგდიდში ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი საჯაროდ აიცრა [ფოტო]
ზუგდიდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ევექსის" ორ კლინიკაში მიმდინარეობს.

ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ.

"ნამდვილად არ ვღელავდი, შეგნებულად ვიცოდი რაზე მოვდიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ჩემს კოლეგას მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ჩვენი აქტივობა, ჩვენ მაგალითს მივცემთ ბევრს, რომ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ეს არის დიდი პანდემიის დასასრული და გილოცავთ ყველას ამ დღეს. შეგრძნება მაქვს მშვენიერი, არავითარი ღელვა არ მქონია, პროტოკოლის მიხედვით, ნახევარი საათის განმავლობაში, მოსვენების მდგომარეობაში ვიქნები და შემდეგ გავაგრძელებ ჩემს სამუშაო დღეს", - განუცხადა ნანა ოდიშარიამ ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, სამეგრელოში 2 კლინიკაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში, "ევექსის" რეფერალური ჰოსპიტალი და "ევექსის" ამბულატორია. 17 მარტიდან კი კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება სამეგრელოში: ფოთი, სენაკი, წალენჯიხასა და მარტვილში. 

ვაქცინის 3 100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში აიცრა. ის ალერგოლოგი ლანა უბილავაა.

ასევე პირდაპირ ეთერში საჯაროდ აიცრა დავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყო.

"ასტრაზენეკას" პირველი, 43 ათასი დოზა საქართველომ კოვაქს პლატფორმისგან 13 მარტს მიიღო.

ამ დრომდე, პორტალზე 2067 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირდა. აცრა ნებაყოფლობითია.