ახალი ამბები
აიკრძალა ქელეხის, ქორწილის თუ სხვა მსგავსი ღონისძიებისთვის ფართის გადაცემა
მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. კერძოდ, ისეთი ღონისძიებების, როგორიცაა ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვა, თუ მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით, ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება.

დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში ვითარება უარესდება და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

საქართველოში კორონავირუსის 286406 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსით ჯამში 3849 პაციენტი გარდაიცვალა, 276084 პირი კი გამოჯანმრთელდა.