ახალი ამბები
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ენგურს ყვავილები გაატანეს
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურთან, სადაც საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად ეს ყვავილები მდინარეს გაატანეს. მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს და ხელისუფლებისგან 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმება მოითხოვეს.

"მოსახლეობა გადმოდიოდა სხვადასხვა საჭიროებებისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის დამსახურება, მაგრამ ამ შემთხვევაში დამნაშავე გამოდის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დისკრიმინაციულად უწესებს 5 დღიან კარანტინს. ამ ტრაგედიის ადგილიდან მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოხსნას 5 დღიანი კარანტინი და ნუ ახდენს ოკუპაციის გაუაზრებელ ლეგიტიმაციას", - განაცხადა აქციის მონაწილე ოთო შენგელიამ.

ენგურის გადაცურვისას დაღუპული ქალის ცხედარი აფხაზეთში წუხელ გადაასვენეს. გარდაცვლილის ნათესავების ცნობით, დღეს იგივე გზით სოფელ ჭუბურხინჯში გადაასვენებენ 62 წლის თამაზ ბასლანძეს. ის ამ დრომდე ზუგდიდში, ნათესავის სახლშია დასვენებული.

ასევე, ნათესავების სახლშია ამ დრომდე ცოლ-ქმრის, 38 წლის მაყვალა გამისონიას და 47 წლის ელგუჯა გვალიას ცხედრები. ისინი ოკუპირებულ რეგიონში ხვალ, 9 აპრილს უნდა გადაასვენონ.

მდინარე ენგურში, 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, სოხუმი კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს ხუთდღიანი კარანტინის ალტერნატივაზე. ამასთან, გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტები ოკუპირებულ ძალებზე, გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად.