ახალი ამბები
მიმდინარეობს მუშაობა - აფხაზეთის მთავრობა კარანტინის მოხსნის მოთხოვნაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ 5 დღიანი კარანტინის მოხსნაზე გალელების მოთხოვნასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ჟურნალისტების საპასუხოდ მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციამ ენგურის ხიდზე განაცხადა.

„მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, ეს არ არის 1 ან 2 დღის მუშაობა. მიმდინარეობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მე მგონია, რომ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული საბოლოოდ. ეს არ არის ჩვენი მხრიდან გადასაწყვეტი გარემოება. ეს არის ოკუპირებულ მხარეს არსებული ვითარებიდან გადასაწყვეტი. ამიტომ მიმდინარეობს კომუნიკაცია ირიბი, პირდაპირი ამ სიტუაციის გამოსაყვანად. სხვადასხვა გზებზე და საშუალებებზე მიმდინარეობს მუშაობა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ის დღეს საოკუპაციო ხაზთან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთდ იმყოფებოდა. მათ პატივი მიაგეს მდინარე ენგურში დაღუპული ცოლ-ქმრის ხსოვნას, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ენგურის ხიდის გავლით დღეს გადაასვენეს.

დავით ფაცაციას შეფასებით, მომხდარი ტრაგედია რუსული ოკუპაციის შედეგია.

მანამდე ასევე ენგურის ხიდის გავლით გადაასვენეს 30 წლის თამუნა ცატავა და 62 წლის თაბაზ ბასლანძე.

მდინარე ენგურის სანაპიროზე, ზუგდიდის სოფელ შამგონაში, 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, სოხუმი კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.

გალელები ითოვენ, როგორც ენგურის ხიდზე შეუზღუდავი მიმოსვლის აღდგენას, ასევე ცენტრალური ხელსუფლების მიერ დაწესებული სავალდებულო 5 დღიანი კარანტინის მოხსნას.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.