ახალი ამბები
შეიქმნა მეგრულ-ლაზურ სვანური ენების მხარდამჭერი პეტიცია
მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორი მწერალი გიორგი ჯიჭონაიაა. მიმართვის ადრესატები არიან - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, განათლების და კულტურის მინისტრები. ამ დროისთვის, პეტიციის ხელმომწერია 465 პირი. სულ 10 ათასი უნდა შეგროვდეს.

პეტიციის ავტორის თქმით, 14 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა მეგრული და სვანური ენების დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სკოლებში ამ ენების არჩევით სწავლის შესაძლებლობა უნდა იყოს. მისი შეფასებით, ეს აზრი და შენიშვნები, რომ ენები იჩაგრება დღეს, ადამიანურად გულწრფელი, ობიექტური და ღრმა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იყო.

"მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ისტორიული ბედუკუღმართობისა და სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქართულ სახელმწიფოს და აკადემიურ წრეებს ვერ მიეცა საშუალება სათანადოდ ეზრუნა აღნიშნული საგანძურის დაცვისა და განვითარებისათვის.ეს ტენდენცია დღითიდღე უარესი და თვალშისაცემია იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებს არა აქვს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მის სტატუსს იმგვარად განსაზღვრავდა, რომ მასზე ზრუნვა დამოკიდებული იყოს არა კეთილ ადამიანთა კეთილ ნებაზე, არამედ გარანტირებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით.

მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე საუბრობს, ან საუბარი გაეგება, მილიონნახევრამდე საქართველოს მოქალაქეს, როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში. აქამდე არსებულმა მიდგომამ ის შედეგი გამოიღო, რომ მეგრულ და სვანურ ოჯახებში შვილებს და შვილიშვილებს არ ესაუბრებიან წინაპრების ენაზე, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ენაზე, რომელიც ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საამაყო ნაწილია. არ ესაუბრებიან, იმიტომ რომ, ამ ენებს არავითარი სტატუსი არა აქვს და ბუნებრივია, არავითარი პერსპექტივა, რის გამოც მათ აქტუალობა დაკარგეს და მივიწყების ზღვარზე არიან", - წერს გიორგი ჯიჭონაია.

მისი თქმით, მეგრული, ლაზური და სვანური ენების მძიმე მდგომარეობა მიუღებელია და ამასთან საზიანო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ერის ერთიანობისთვის.

პეტიციის ხელმომწერების თხოვნაა, პრეზიდენტის ეს განცხადება არ დარჩეს მხოლოდ კეთილ განზრახვად და მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პრობლემის მოგვარებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გზით. მათ მოუწოდეს აკადემიურ წრეებს, ჩაერთონ საკითხის განხილვაში.

"რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც დედაენის დღეს, 14 აპრილს გამოქვეყნდა.

ქართველური ენები - მეგრული, სვანური და ლაზური რომ გაქრობის პირასაა და მას დაცვა სჭირდება, ამის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები და მოქალაქეებიც. ამ ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და სკოლებში ამ ენების შემოღება, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ მექანიზმად მიაჩნიათ.