ახალი ამბები
თუ ავიცრებით 2-ჯერ მოსახლეობის 60%, გარეთა სივრცეებში ნიღაბს მოვიხსნით - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში 5000-6000-ის ფარგლებში გვქონდეს.

მისივე სიტყვებით, იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება და თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულება მოიხსნება.

მან საქართველოს მოსახლეობას ამცრელ პუნქტებში აქტიურად მისვლისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. გამყრელიძის განცხადებით, 300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს უტოლდება.

„მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. საშუალოდ გვქონდა 1200-1500 აცრა დღიურად, დღეს უკვე 2800-მდე ადამიანი უნდა აიცრას სამივე ვაქცინით ქვეყანაში, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში უკვე წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი, ეს მიზანი არის ჯანმრთელი მოსახლეობა, რომ ყოველდღიურად არ იყოს 10-15 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ყველამ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ის დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.