ახალი ამბები
ფოთის, მარტვილის და სენაკის მერების მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
მარტვილის და ფოთის მერების მოადგილეებმა განცხადება გააკეთეს ფოთის მერიის შენობასთან.

ისინი აცხადებენ, რომ თანამდებობიდან წასვლა აიძულეს.

"დილით გვქონდა შეხვედრა ბატონ გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანადებობიდან გადავმდგარიყავით, საუბარში შევატყვე რომ ეს მერის ინიციატივა ნამდვილად არ იყო, თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს უკვე მეორე საკითხია, არანაირი არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანამოაზრეები, თანაგუნდელები, შესაბამისად, ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი რატომაც დადგა მოთხოვნა თანადებობის დატოვების", - განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილე პაატა ლაგვილავამ.

მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე აკაკი ხუნწელიაც აცხადებს, რომ მათი იძულება თანადებობიდან წასვლაზე იმის გამო მოხდა, რომ ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამოაზრეები იყვნენ.

თანადებობა დატოვა ასევე ფოთის მერიის მოადგილე კონსტანტინე თოფურიამ და სენაკის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილმაც.

მერის მოადგილეების ბრალდებებს უარყოფს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

"ეს ადამიანები საქმის კეთებას შეეშვნენ ბოლო პერიოდში და გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ კონკრეტული პირის აგიტაციაზე", - განაცხადა სუბარმა.

მანამდე თანამდებობა დატოვეს ასევე გორის და ხაშურის მერის მოადგილეებმაც.