ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები - მოწერელია
დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, მერების მოადგილეების თანადებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა რომ "ქართული ოცნება" მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის.

"დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები.

ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია "ქართული ოცნებისა" და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. "ქართული ოცნება" ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას" ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას", ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში.

ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, თანამოაზრეობის გულისთვის ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ამ ადამიანებს ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა, შეუძლიათ წარმოადგინონ. მათთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა.

დღეს ფოთის, მარტვილის და სენაკის მერების მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აგონიაშია. ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების, შესაბამისად, მათ დაიწყეს პოლიტიკური ნიშნით დევნა",- განაცხადა მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ "ქართული ოცნება" 14 აპრილს დატოვა.დეპუტატობამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული იყო.