ახალი ამბები
ამ ეტაპზე „ოცნებაში“ დარჩენა, ან გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა ადამიანურად არ იქნებოდა სწორი - გიორგი შენგელია
ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა გიორგი შენგელიამ, მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კონსულტაციები, როგორც განმარტა არავისთან გაუვლია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ განიხილავს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. გიორგი შენგელიას განცხადებით, ეს პირადი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ადამიანურ პრინციპებზე დაფუძნებით მიიღო. ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

გიორგი შენგელიას თქმით, ის მომავალში არავისთან გამორიცხავს თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლაა და კერძო სექტორში გადანაცვლება.

"ვეძებთ ქვეტექსტებს, რაც ამ შემთხვევაში არ არის", - აღნიშნა მან ბრიფინგზე.

ყოფილი მერის გამარტებით, თუკი მომავალში ზუგდიდელებს მისი გვერდში დგომა დასჭირდებათ, ამისთვის მზად არის, როგორც ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა.

"ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მოვედი პოლიტიკაში, "ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, რომლის პრემიერ-მინისტრობის დროსაც მომიწია მე მუშაობამ. სწოედ მისი და მთავრობის უდიდესი მხარდაჭერით განხორციელდა ის პროექტები, რომლითაც დღეს თითოეული ზუგდიდელი ამაყობს. აქედან გამომდინარე ვთვლი ადამიანურად, რომ ამ ეტაპზე არცერთი მხარის დაკავება, "ქართული ოცნების გუნდში დარჩენა, ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ადამიანურად არ იქნებოდა სწორი", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დღეს დატოვა. მას განცხადება ფეისბუკის მეშვეობით გაავრცელა.

ის ამ პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა.

გიორგი შენგელიამდე თანამდებობა მისმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ დატოვა. მას მიზეზები სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში არ განუმარტავს.