ახალი ამბები
„გოგონები მომავლიდან“ და შეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან - ამბავი ძლიერ ქალებზე [ფოტო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეხვედრა გაიმართა გერმანულენოვან ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან. არაერთი ცნობილი წიგნის, პიესის ავტორმა ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებით პირველ ნაბიჯებზე, იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა იმ ადამიანად, ვინც დღეს არის, როგორ დაიწყო წერა და ვისზე, ან რაზე წერს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის გახმაურებულ რომანს "მერვე სიცოცხლე (ბრილკას), რომელიც მეოცე საუკუნის მძიმე წლებზე არა ომის ბატალიების გადმოსახედიდან, არამედ სახლში დარჩენილი ქალების ამბებით გვიყვება.

მწერლის თქმით, ამ წიგნს წინ უძღოდა ძალიან ბევრი, ბავშვობიდან დაგროვილი კითხვები და პასუხების პოვნის მცდელობა. თავიდან უნდოდა ერთ ქართულ ოჯახზე დაეწერა. ისტორიის ფოკუსი 80-90-იანი წლები იქნებოდა, რომელ ეპოქაშიც გაიზარდა და მისთვის კარგად ნაცნობი იყო. მერე მიხვდა, რომ ეს წლები მხოლოდ რაღაცის დასასრული იყო და ამ ამბავს სხვა დასაწყისი ჰქონდა. ასე იმოგზაურა დროში.

"მერე იმდენად ჩამითრია ამ ყველაფერმა, რომ ვერ გავჩერდი. ჩემთვის ეს იყო სახლივით. რომ მეგონა ამ სახლის ყველა ოთახში შევიხედე, ყველა კარი გავაღე, აღმოვაჩენდი, რომ იმის იქით კიდევ კარებია, იმის იქით კიდევ", - ასე გაიხსენა რომანის შექმნის წლები ნინო ხარატიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძეც. მისი თქმით, უკვე ოცი წელია იმისთვის მუშაობენ, რომ ქალები და გოგონები გაძლიერდნენ, იცხოვრონ კიდევ მეტად თანასწორ, სოციალურად სამართლიან, დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"ეს საუბარი ქალბატონ ნინო ხარატიშვილთან მისი არაჩვეულებრივი წიგნის გარშემოც, ნამდვილად ძალიან სიმბოლურია, რადგან ეს არის საგა, საქართველოს ბოლო 100 წლის ისტორიაზე, დანახული ქალების ისტორიის და ქალი გმირების ბედის და მათი გზის გავლით. ძალიან ბევრისმთქმელი და დასაფიქრებელი იქნება ეს წიგნი ყველასთვის, ვინც წაიკითხავს, თუ რა როლი აქვს ჩვენს საზოგადოებაში ქალს, მამაკაცს და კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, თუ რაიმე სტერეოტიპი გვაქვს ამასთან დაკავშირებით", - მიმართა ლელა ბაქრაძემ აუდიტორიას.

ღონისძიების ლიტერატურული ნაწილის პარარელურად, ბოტანიკური ბაღის სივრცეში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა მოეწყო "გოგონები მომავლიდან". ეს არის 10-16 წლამდე მოზარდების ისტორია, რომლებიც იბრძვიან ცვლილებებისთვის მათ გარშემო და სტერეოტიპებს ამსხვრევენ. ნაადრევი ქორწინება, განათლების მიღების შესაძლებლობა, იმ საქმის კეთება, რაც მოსწონთ და არა იმის, რასაც კარნახობენ - ეს ის საერთო პრობლემებია, რაზეც ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები გოგონები ყვებიან. ფოტოგრაფმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეს პრობლემები მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებს არ ეხებათ.

"ქართველებშც არის ეს პრობლემა. ძირითადად განათლების პრობლემაა. მინდოდა ეს თემა წამოწეულიყო. მე დავინახე, რომ ეს გოგონები მზად არიან იბრძოლონ საკუთარი სურვილებისთვის. ძალიან მომწონს ახალი თაობა და მგონია, რომ ძალიან მაგარი ტიპები არიან, ბევრად თავისუფალი, გახსნილები და მიზანდასახულები. ბევრს უკვირდა, როცა ვეუბნებოდი პრობლემაზე, რომ ასე და ასე ხდება. არა, მეუბნებოდნენ, რომ მე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მე ფეხურთის თამაშიც მინდა", - იხსნებს ფოტოგრაფი.

ამ გამოფენით სურს საზოგადოებას დაანახოს მოზარდების სურვილები, რეალური საჭიროებები, რათა დაეხმარონ მათ ჩანაფიქრის, მიზნების განხორციელებაში.

დღევანდელი შეხვედრა გამომცემლობა "ინტელექტმა" გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით გამართა. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას თქმით, ზუგდიდელემს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გაეცნოთ გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, რომელიც ძალიან პოპულარულია და მსოფლიოს მრავალ ენაზეც ითარგმნა მისი წიგნები.

"დღეს თბილისის შემდეგ, ზუგდიდი პირველი ქალაქია, სადაც ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა შედგა. ვფიქრობ, მკითხველს და იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან ბევრი შეკითხვა დაუგროვდა, და ასეთი ბევრია, დღეს ჰქონდათ საშუალება, კითხვები დაესვათ ავტორისთვის და მისგან პასუხები მოესმინათ", - აღნიშნა მან.

ზუგდიდის შემდეგ, ღონისძიების ქუთაისსა და ბათუმში გამართვა იგეგმება.