ახალი ამბები
კოსტავას ქუჩაზე გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება - მერია
კიდევ 2 თვე დასჭირდება ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე გზის მშენებლობის დასრულებას.

როგორც "ლაივპრესს" ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები ცუდმა ამინდებმა შეაფერხა.

"უამინდობამ შეუშალა ხელი და ამიტომ შეფერხდა, მაგრამ უკვე განახლდა სამუშაოები და ხვალიდან აქტიურ ფაზაში შევა. მოქალაქეებს კი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით", - აცხადებენ მერიაში.

პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ გზის მშენებლობა "ივლისის შუა რიცხვებში ან უფრო ადრეც" დასრულდება.

სამი თვეა ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მარტში სპეციალური ტექნიკით გზის ძველი, მოასფალტებული ფენა აიღეს და მას შემდეგ ასე დარჩა, რის გამოც ტრანსპორტით მოძრაობა გართულდა. რაც შეეხება კოსტავას ქუჩის გაგრძელებას, დადიანების სასახლის გასწვრივ, აქ ასფალტი 2-წელზე მეტია აყრილია და გადაადგილება თითქმის შეუძლებელი.