ახალი ამბები
კოსტავას ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
კოსტავას ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 მაისიდან, რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, გადაიკეტება კოსტავას და თაბუკაშვილის კვეთა (მაკდონალდსის მიმდებარედ) და კიტიას (ყოფილი შაუმიანის) ქუჩის გარკვეული მონაკვეთი.

სამი თვეა ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მარტში სპეციალური ტექნიკით გზის ძველი, მოასფალტებული ფენა აიღეს და მას შემდეგ ასე დარჩა, რის გამოც ტრანსპორტით მოძრაობა გართულდა. რაც შეეხება კოსტავას ქუჩის გაგრძელებას, დადიანების სასახლის გასწვრივ, აქ ასფალტი 2-წელზე მეტია აყრილია და გადაადგილება თითქმის შეუძლებელი.

როგორც "ლაივპრესს" ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, კიდევ 2 თვე დასჭირდება ამ ქუჩაზე გზის მშენებლობის დასრულებას.

მათი ცნობით, სამუშაოები ცუდმა ამინდებმა შეაფერხა.

პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ გზის მშენებლობა "ივლისის შუა რიცხვებში ან უფრო ადრეც" დასრულდება.