ახალი ამბები
გალში ვაქცინაცია რუსული „სპუტნიკით“ დაიწყო
ოკუპირებულ გალის რაიონში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რუსული "სპუტნიკით" აცრის პროცესი. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია "გალ ტვ" იუწყება.

გალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ასტამურ გამგიას განცხადებით, პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ინტერნეტით ვრცელდება რუსული ვაქცინის საწინააღმდეგო ინფორმაციები, რაც საბოლოოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ნდობაზე. თუმცა თავად ირწმუნება, რომ ვაქცინაციის შემდეგ, დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი უფრო ადვილად დაძლევს ვირუსს.

ვაქცინაცია გალში ყოველ დღე არ ჩატარდება. ასტამურ გამგიამ განმარტა, რომ შედგება წინასწარ მსურველთა სია და აცრის დღე განისაზღვრება.

მანვე მოუწოდა ყვლას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ვაქცინაციის პირველ დღეს, "სპუტნიკით" გალში 4 ექიმი აიცრა. პროცესმა, ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, გართულებების გარეშე ჩაიარა.

ექიმ-თერაპევტის, ნინო ჭედიას თქმით, ვაქცინაციამდე მისმა კოლეგებმა ანტისხეულები გამოიკვლიეს, პროთრომბინი და და სისხლის საერთო ანალიზი ჩაიტარეს.

დე ფაქტო ხელისუფლებას თბილისმა შესთავაზა ვაქცინაციის პროცესში დახმარება, რაზც უარი მიიღო. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუხის საავადმყოფოში გახსნილია სპეციალური ამცრელი კაბინეტი, სადაც მათ შორის აფხაზეთიდან გადმოსულებს შეუძლიათ აიცრან მათთვის სასურველი და თბილისისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინით.