ახალი ამბები
„მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ იმართება სააკაშვილის მიერ - ღარიბაშვილი
პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიები სააკაშვილის მიერ იმართება და მათ ხელისუფლების ჩამოგდება სურთ.

"ჩვენ ზოგადად მივესალმებით, დამოუკიდებელი მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში, ყველაფერს ვაკეთებთ რომ თავისუფალი მედია განვითარდეს და რეალურად მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ, ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ რაც საჭიროა, მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას.

ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, ვთქვათ პირდაპირ, ოპოზიციური ტელევიზიები, აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ, "მთავარი", "ტვ პირველი", "ფორმულა" პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფულებით, შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და რევანშისტული ჯგუფების დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური.

მათ აქვთ ერთი მიზანი როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია ამას ჩვენ არ დავუშვებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.