ახალი ამბები
შსს-მ 5 ივლისის ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე პოლიციამ 21 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს - 14 ივლისს. მათ შს სამინისტროს ინფორმაციით, "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი.

5 ივლისს თბილისში,"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. განსაკუთრებულად გაუსწორდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმისგან ჟურნალისტის დაცვას ცდილობდა. მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ ბინაში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ოპერატორის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც ზედოზირება იყოს.

ლაშქარავას ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასადგენია, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშაქარავა, მანამდე რომ მძიმე ფიზიკური დაზიანებები არ მიეღო.

5-6 ივლისის ძალადობის და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ დაისაჯონ ამ ძალადობის ორგანიზატორებიც და პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა, რადგან მათ ვერ შეძლეს მოქალაქეების დაცვა მოძალადე ჯგუფებისგან. აქციის მონაწილეების განცხადებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეები 5 ივლისს, დილით გაკეთებული განცხადებით წაახალისა კიდევაც.