ახალი ამბები
ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ უარი თქვან მედიასთან კომუნიკაციაზე - საპატრიარქო
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია მედიის წარმომადგენელთა ეკლესიაში არშეშვებაზე. საპატრიარქო მიზეზად ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევას ასახელებს, თითქოს საჯაროდ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის.

მათივე თქმით, დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება, 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და "უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო".

საპატრიარქო ამბობს, რომ სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა "მთავარი არხი", "ტვ-პირველი" და "ფორმულა".

"აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ. ასევე, მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

5 ივლისს თბილისში,"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. განსაკუთრებულად გაუსწორდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმისგან ჟურნალისტის დაცვას ცდილობდა. მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ ბინაში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

5-6 ივლისის ძალადობის და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ დაისაჯონ ამ ძალადობის ორგანიზატორებიც და პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა, რადგან მათ ვერ შეძლეს მოქალაქეების დაცვა მოძალადე ჯგუფებისგან. აქციის მონაწილეების განცხადებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეები 5 ივლისს, დილით გაკეთებული განცხადებით წაახალისა კიდევაც.