ახალი ამბები
კომპანიის მფლობელთა პოლიტიკური კავშირები და თევზის გადამუშავებით მიღებული პრობლემები ფოთში - TI-ის კვლევა
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთის მოსახლეობას თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნი წლებია აწუხებს. მათი პროტესტის მიუხედავად კი, პრობლემა ბოლომდე ამ დრომდე არ გადაჭრილა. ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში. ორგანიზაციის თქმით, მათ ჯერ კიდევ 2018 წელს დაადგინეს კავშირი თევზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებს შორის. თუმცა, ახალი მოკვლევის პირობებში, სხვა, დამატებითი დეტალებიც გამოიკვეთა.

არასამთავრობოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "გარემოდაცვითი ზედამხედველების დეპარტამენტმა" თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, პრობლემები დღემდე არ გამოსწორებულა.

თევზის გადამამუშავებელი საწარმოები იღებენ დახმარებას სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებიდან; ამასთან, გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც, ერთის მხრივ, ფლობენ წილებს თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, მეორეს მხრივ კი, ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიას;

გამოიკვეთა დამატებითი კავშირები თევზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის, ასევე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს შორის, რაც, ორგანიზაციის ვარაუდით აფერხებს ამ პრობლემების გადაჭრას.

"გამჭვირვალობის" ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერის 9 ლიცენზია გასცა. ეს ლიცენზიები 5 კომპანიაზე გადანაწილდა. კომპანიებზე ლიცენზიები აუქციონის წესით ჯერ კიდევ 2006 წელს გაიცა, 2019 წელს კი გაუგრძელდათ, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა თევზჭერის სფეროში ახალი ლიცენზიანტების გამოჩენის შესაძლებლობა და არასამთავრობოს შეფასებით, ეს კომპანიები ფაქტობრივად მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თევზჭერის ლიცენზიის მქონე საწარმოები ფლობენ საერთო კომპანიასაც.

სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული დახმარება

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო თევზის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მომუშავე კომპანიებს ეხმარება ორი გზით - გამოყოფს მათთვის თანხას პროგრამიდან "აწარმოე საქართველოში", ამას გარდა კი, "საკრედიტო-საგარანტიო სქემის" ფარგლებში გაიცემა საკრედიტო გარანტიას იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ბანკიდან სესხის აღების რესურსი არ აქვთ და კონკრეტული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხავს თანხას ბენეფიციარის სესხების უზრუნველსაყოფად.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფო დაეხმარა ორ კომპანიას - შპს "ჯორჯიან მარინ გრუპის" სესხის უზრუნველსაყოფად ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე გადაირიცხა 472,500 ლარი, შპს "პალიასტომი 2004-ისთვის" კი - 945,000 ლარი. ეს თანხა სახელმწიფოს ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს, კომპანიის მიერ საბანკო ვალდებულებების დაფარვის პარალელურად.

კომპანიებმა პროგრამიდან "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსების სახით 7,814,262 ლარი უნდა მიიღონ, საიდანაც ამ ეტაპზე მათ 14,685 ლარის დაფინანსება მისცეს.

კვლევის ნაწილი ეთმობა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, პარტიების შემწირველების და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირების კავშირებს ამ კომპანიებთან.

შპს "ჯორჯიან მარინ გრუპი" 2020 წლის 3 დეკემბერს დაფუძნებული კომპნიაა. მისი დირექტორი დავით წიწილაშვილია. კომპანიის 100% წილს კი შპს "პალიასტომი 2004" ფლობს. დავით წიწილაშვილმა "ქართული ოცნებას" 2016 და 2020 წელს, ჯამში 120,000 ლარი შესწირა. წარსულში პოლიტიკურ შემწირველებს შორის ფიქსირდებოდა მისი მამა, გურამ წიწილაშვილიც, რომელმაც 2012 წელს ენმ-ს  50,000 ლარი, 2016 წელს კი "ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა. გურამ წიწილაშვილი იყო ფოთის მოქმედი მერის, გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორი. ასევე საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრთან, ირაკლი ხახუბიასთან ერთად ფლობდა წილს თევზის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიაში, შპს "აისბერგი 2-ში".

"პალიასტომი 2004-ის" დირექტორი, შსს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე პაატა ჟღენტია. კომპანიის წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: სულხან პაპაშვილი - 6.67%; გიორგი კუხალეიშვილი - 60%; შპს "ზღვის პროდუქტები" - 33.33%. სულხან პაპაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო. ის ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმაა და თავადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა.

შპს "პალიასტომი 2004-ის" ძირითადი, 60% წილის მფლობელი გიორგი კუხალეიშვილი, პაატა ჟღენტისა და სულხან პაპაშვილის ბიზნესპარტნიორია სხვა კომპანიაშიც, მათ შორის არის “Elgreen Holdings Incorporated”, რომელიც ჯერ კვიპროსში, ხოლო შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიაა. "თავისუფლების მონიტორის" მიერ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2016 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ელექტროენერგიის იმპორტი სწორედ მისი, როგორც შუალედური კომპანიის მეშვეობით ხდება. მანამდე კი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს შუამავალი კომპანიის გარეშე მიეწოდებოდა. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სულხან პაპაშვილთან ერთად არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ საწარმოში ბიზნესინტერესები აქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილსაც.

შპს "ზღვის პროდუქტების" 100% წილის მფლობელი და დირექტორია "ჯორჯიან მარინ გრუპის" დირექტორი დავით წიწილაშვილი. ის რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილს. მათ შორის შპს "ზღვის პროდუქტებში". შპს "შავი ზღვის აკვაკულტურის კომპანიის" 10% წილის მფლობელია შპს "ზღვის პროდუქტები", 90%-ის კი სულხან პაპაშვილი. კომპანიის დირექტორი კაპიტონ ბაბილუაა. ბაბილუა ასევე შპს "მარინ ფიშინგ გრუპის" დირექტორიცაა, რომლის 50% წილს პაატა ჟღენტი, ასევე 50% წილს გიორგი ლემონჯავა ფლობენ.

შპს "ზღვის პროდუქტებმა" 2017 წელს 100 000 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას".

შპს "აისბერგი 2-ის" 25% წილის მფლობელია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია. კომპანიის წილებს ასევე ფლობენ: კახაბერ ლატარია - 25%, თენგიზ სარიშვილი - 25% და თურქეთში რეგისტრირებული კომპანია "ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი" - 25%. კომპანიის დირექტორია ირაკლი ვეკუა, რომელიც ამავე დროს ირაკლი ხახუბიას წილის მმართველია.

ირაკლი ხახუბიას და შპს "აისბერგი 2-ის" წილის სხვა მფლობელებს და დირექტორს სხვადასხვა დროს პარტიებისათვის 438,100 ლარი აქვთ შეწირული: "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შესწირეს 131,100 ლარი, "ქართულ ოცნებას" - 187,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი - 120,000 ლარი.

შპს "გეოფიშ კომპანის" 64% წილს შპს "აისბერგი 2" ფლობს. მისი დირექტორი კი აქაც ირაკლი ვეკუაა. კომპანიის 10% წილს ალექსანდრე თავაძე, 26% წილს შპს "გუგოლპლექსი" ფლობენ.

შპს "გუგოლპლექსი" 2020 წლის სექტემბერში რეგისტრირებული კომპანიაა. მისი 100% წილის მფლობელი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე მარია კოხიაა, დირექტორი კი თამარ გახარია. თამარ გახარია პარარელურად შპს "ბესტ ენერჯი გრუპის" დირექტორიცაა, რომლის 100% წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. სწორედ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 2019 წლის სექტემბერში გამართულ აუქციონზე 32,380,383 ლარად შეიძინა სააქციო საზოგადოება "თელასის" სააქციო კაპიტალის 24.5% წილი.

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესპარტნიორია "ჯორჯიან მარინ გრუპისა" და "შავი ზღვის პრუდქტების" დირექტორი დავით წიწილაშვილი - ისინი ფლობენ შპს "აქვამარინის" 50%-50% წილებს. მაქაცარიას ბიზნერპარტნიორია შპს "გეოფიშ კომპანის" 10% წილის მფლობელი ალექსანდრე თავაძეც შპს "გეოფიშ გრუპსა" და "შატო ახაშენში".

აღსანიშნავია, რომ დავით წიწილაშვილი ასევე არის "გუგოლპლექსის" 100% წილის მფლობელი მარია კოხიას ბიზნესპარტნიორი შპს "თბილისი პარკინგში", რომლის 20% წილს ფლობს მარია კოხია, 50% წილს კი დავით წიწილაშვილი.

შპს "მბმ-ის" 36% წილს თურქეთში რეგისტრირებული კომპანია "მეის სუ ურუნლერი ავჯილიღი ვე იეთიშთირიჯილიღი" ფლობს, კომპანიის 64% წილს კი თანაბრად ინაწილებენ ბესიკ და მერაბ ხარაბაძეები. მერაბ ხარაბაძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემომწირველებს შორისაც, მან 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილი 15,000 ლარი შესწირა.

ჩამოთვლილი კომპანიების წილების მფლობელებმა, მათთან დაკავშირებულმა პირებმა და დირექტორებმა, სხვადასხვა დროს ჯამში 783,100 ლარი შესწირეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას.

თევზის წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოთსა და ხობში მდებარე თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობა 2017 წლიდან დღემდე რამდენჯერმე შეამოწმა. შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

წარმოების პროცესში დაბინძურებული წყალი გაწმენდის გარეშე იღვრება მდინარე რიონში (ზედაპურული წყლის ობიექტი);

საწარმოები ფუნქციონირებენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გარეშე.

გარემო ბინძურდება სახიფათო და მუნიციპალური ნარჩენებით;

მცურავი საშუალებებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში თევზის გადმოტვირთვისას გარემო ზღვის ნარჩენებით ბინძურდება;

ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყალი დასაშვებ ნორმაზე მაღალი ტემპერატურით იღვრება;

ყველა საწარმოში ჩამდინარე წყალში წყალბადის მაჩვენებელი აჭარბებს დადგენილ ნორმას.

"ფოთის მერიის ინფორმაციით, ამ საწარმოებში დამონტაჟდა გამწმენდი ნაგებობა - ევაპორატორი, რომელიც წმენდს ჩამდინარე წყლებს. ასევე ახდენს თევზის სუნის კონტროლს. ეს დანადგარი აგრილებს ჩამდინარე წყლებს და წყალბადის მაჩვენებელი საქართველოს კანომდებლობით დადგენილ ნორმამდე დაყავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი, აღნიშნული ნაგებობები არაეფექტურია და ვერ უზრუნვეყოფენ ჩამდინარე დაბინძურებული წყლების გაწმენდას, ასევე თევზის გადამამუშავებელ საწარმოებს დღემდე არ შეუსრულებიათ განსაზღვრული ვალდებულებები და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები", - ვკითხულობთ კვლევაში.

კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოების სამინისტრომ 125,742 ლარად შეაფასა. მათ ჯამში 6,550 ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრათ.

2019-2020 წლებში თევზჭერის ლიცენზიის მქონდე კომპანიები დაჯარიმდნენ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევისთვისაც. დაეკისრათ 15,000 ლარის მოცულობის ჯარიმა.

2019 წელს სამჯერ, ჯამში 6,000 ლარით დაჯარიმდა შპს "ზღვის პროდუქტები". 2020 წელს ორჯერ, ჯამში 7,000 ლარით დაჯარიმდა შპს "მბმ", შენიშვნა მიეცა შპს "გეოფიშ კომპანის" ერთხელ და შპს "აისბერგი 2-ს" ორჯერ.

2021 წელს შპს "გეოფიშ კომპანი" დაჯარიმდა 2,000 ლარით. შპს "პალიასტომო 2004-ის", შპს "ზღვის პროდუქტების", შპს "აისბერგი 2-ის" და შპს "მბმ-ის" ჩადენილი დარღვევის 12 ფაქტზე კი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", სახელწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევს, რადგან მათ ვერ უზრუნველყვეს გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. ორგანიზაციის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს ამ კომპანიების დეტალური ინსპექტირება და დაადგინოს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და არასასიამოვნო სუნის გაფრქვევის მინიმუმამდე შესამცირებლად. ამასთან, სახელმწიფომ უნდა გაატაროს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რომ საწარმოებმა შეასრულონ ვალდებულებები და იზრუნონ რეგულაციების დაცვაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ
მიშელს მადრიდში შეხვდა.
18:29 / 29.06.2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მადრიდში შეხვდა.
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც
გუშინ, 28 ივნისს
16:33 / 29.06.2022
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც გუშინ, 28 ივნისს "ქართული ოცნება" და საპარლამენტო
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
14:38 / 29.06.2022
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო
შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
13:02 / 29.06.2022
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.