ახალი ამბები
მესტიის სამი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი [ფოტო]
ძლიერი წვიმების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - კალა, იფარი და ადიში გარესამყაროსაა მოწყვეტილი. უშგულის მიმართულებით, იფარი-კალას მონაკვეთზე მდებარე ხიდს თითქმის მოწყვეტილი აქვს ჯებირი და გამაგრება სჭირდება. ადიდებულია მდინარე ენგური, რის გამოც ხიდზე ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.

მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ამ წუთებში ადგილზე ტექნიკა მუშაობს, რათა დიდი ქვებით შექმნან წინაღობა, რათა წყალმა მიმართულება შეიცვალოს და ხიდს ძირი სრულად არ გამოუთხაროს.

რაც შეეხება სოფელ ადიშს, რომელიც ასევე მოწყვეტილია გარესამყაროს, აქაც მდინარეა ადიდებული და ცალკეულ მონაკვეთებში გზაზეა გადმოსული. ეს ტერიტორიები, ნელი ნავერიანის თქმით, სრულად სარეკონსტრუქცი იქნება, რაც სერიოზულ დროს და ფინანსებს მოითხოვს.

"ბეჩოს თემში კი მდინარე დოლრა ადიდდა და სოფლებში, მაზერსა და უშხანარში ხიდთან არის დასაცავი, რომ ჯებირი არ მოანგრიოს და გზაზე არ გადავიდეს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ყურადღებით უნდა მიდევნება წყლის დონეს. მუშაობენ, რომ გამტარიანობა არ შეიზღუდოს", - ამბობს ნელი ნავერიანი.

მისივე ინფორმაციით, ადიდდა ენგურის შენაკადი მდინარე ხაიშურაც. თუმცა დაზიანებასა და გზების მოწყვეტაზე ჯერჯერობით ინფორმაცია მერის მოადგილეს არ მიუღია.

სტიქიამ პრობლემები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებსაც შეუქმნა.