ახალი ამბები
წყლის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით, მერიასთან სოფელ ინგირის მცხოვრებლები შეიკრიბნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის სამი ქუჩის მცხოვრებლები მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ მათ უბანს, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს წყალი არ მიეწოდება.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, ჭაბურღილი, რომელიც მათ წყლით ამარაგებდა, 2 წლის წინ ჩაშრა და პრობლემა მას შემდეგ მოუგვარებელია.

აქციის მონაწილე თამარ მარშანია ამბობს, რომ მოსახლეობამ მერიას წყლის პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, იყო დაპირებები განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თუმცა არ შესრულებულა. ინგირის მცხოვრების თქმით, ყოველდღიურად სხვა დასახლებაში უწევს წასვლა რათა სახლში წყალი მოიმარაგოს.

"65 წლის ქალი ვარ, ამ ასაკში რკინიგზის სადგურთან მივდივარ და იმ დასახლებიდან მომაქვს წყალი. ვთხოვთ მერიას...ყველას ამას ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ. მანამდე პირობაც მოუციათ, მაგრამ არჩევნების მერე არავინ არაფერს არ აკეთებს", - ამბობს თამარ მარშანია.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის გულია ბოძგვერაძის განმარტებით, პროტესტი არ შეწყდება სანამ მერიაში კონკრეტულ გეგმას არ შესთავაზებენ პრობლემის გადასაჭრელად. მისივე თქმით, წყალთან ერთად მოსახლეობა სოფელში გზის შეკეთებასაც მოითხოვს, თუმცა ამ ეტაპზე უპირატესი წყლის მიწოდების აღდგენაა.

"ეს არის ელემენტარული რასაც ჩვენ ვითხოვთ. შეგხვდნენ და გაგვცენ პასუხი. სულ ამას აბობდნენ გაგიკეთებთო, მაგრამ არავის გაუკეთებია", - უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილემ.

ინგირის მცხოვრებლები ამ წუთებში მერიის შენობაში შევიდნენ და შეხვედრის მოლოდინში არიან.