ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში აღმოსავლური ჭადრის ხე წაიქცა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხე წაიქცა. ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მიზეზი ძლიერი წვიმა და ქარი გახდა. მისი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გადატყდა 106 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე აღმოსავლური ჭადარი.

"მცენარე იყო ასაკოვანი. კარგად განვითარებული ბუნებრივი ვარჯის მქონე. გასულ წელს დაექვემდებარა ამოქოლვის სამუშაოებს. იყო გადახრილი და ძლიერი წვიმის შედეგად ვარჯის დამძიმებამ და ქარმა მის წაქცევას შეუწყო ხელი", - აღნიშნა ზვიად ქარჩავამ.

მისი თქმით, ბოტანიკურ ბაღში კიდევ 17 ასეთი ხეა, რომელიც დაზიანებულია და წაქცევის პირასაა. ჩვენი კითხვის პასუხად, რას აკეთებს ბაღის ადმინისტრაცია, რომ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ, განმარტა - უკვე დაწყებულია საპრევენციო ღონისძიებები და მიმდინარეობს ხეების სანიტარული ჭრა. ხდება მერქნიანი მცენარეებისთვის ხმელი და ავარიული ტოტების მოცილების სამუშაოები.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მათ შორის ბაღის ცენტრალურ ბილიკზე 30 ათამდე ძირი ჭადრის ხე ხმელი და დაზიანებული ტოტებისგან გასუფთავდა.

რადგან ბოტანიკურ ბაში დაზიანებული ხეები რჩება, სტიქიის დროს, მაგალითად ძლიერი ქარისას, ტერიტორია ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება.