ახალი ამბები
სენაკის მერიის თანამშრომელი ამბობს, რომ ის და მისი შვილი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს
სენაკის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ის და მისი შვილი მერმა, ლევან კუპრეიშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა. დალი ქაჩიბაიამ დათხოვნის შესახებ წერილი სახლში ფოსტით 21 აგვისტოს მიიღო. ის ეკონომიკის სამსახურში, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა, შვილი გვანცა მალანია კი სენაკში მერის რწმუნებულის ადმინისტრციაში სპეციალისტად. დალი ქაჩიბაიას განცხადებით, გათავისუფლებს ბრძანებაში არ არის განმარტებული, რა მიზეზით მიიღო ლევან კუპრეიშვილმა ეს გადაწყვეტილება.

მან მერს წერილის მიღებისთანავე დაურეკა შეხვედრის თხოვნით. პასუხად კი იყო, რომ "არ მოსწონს და არ სურს მასთან შეხვედრა". თუ რატომ, უკვე ყოფილმა უფროსმა ურჩია, "საკუთარ გულში ჩაეხედა". მერიიდან დახოვნილის თქმით, პროფესიონალია და ამ პოზიციაზეც კონკურსის წესით დაინიშნა. გათავისუფლების ბრძანებას, აღნიშავს, რომ წინ არც გაფრთხილება უძღოდა და არც საყვედური.

დალი ქაჩიბაია ამბობს, რომ 2011 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, თუმცა მისი წევრი არასდროს ყოფილა. 1989 წლიდან "მწვანეთა პარტიის" პოლიტიკურ კომიტეტს წარმოადგენს და როგორც განმარტავს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის კუთხით არაერთი პროექტიც აქვს განხორციელებული.

"მაინც მიდიოდა და "ოცნებაზე" გაბრაზებულმა გამომიშვა, რადგან არც მაჟორიტარად წარადგინეს პარლამენტის არჩევნებზე, არც გუბერნატორად. არც გამგებლად. მე რა შუაში ვარ? სახლში სამნი ვცხოვრობთ - მეუღლე, მე და ჩემი შვილი. ამ გაგანია პანდემიაში როგორ უფრთხილდებიან ადამიანები ერთმანეთს ხომ? ამ კაცმა კიდევ ჩემი სესხებით, ვალდებულებებით, ბანკში დაყადაღებული მაქვს ხელფასი, დაგვტოვა ორნი უმუშევრად", - უთხრა დალი ქაჩიბაიამ "ლაივპრესს".

თუმცა, გათავისუფლებული ამბობს, რომ მერთან კარგი ურთიერთობა მანამდეც არ ჰქონია. ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით მუშაობდა, უზღუდავდა საქმიანობას, გარკვეული უფლებები ჩამოართვეს, მერე კი, ანგარიშის წერისას აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ რაღაც არასწორად გააკეთა. მერს უჩივლა კიდეც და საქმის კურსში მაშინდელი სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელიაც ჩააყენა, თუმცა შემდეგ სარჩელი უკანვე გამოიტანა, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი არ ჰქონდა. ამავე წელს, გაფრთხილება მიიღო იმის გამო, რომ 15 წუთით საკრებულოში გადავიდა. მოგვიანებით კი საყვედურიც გამოუცხადეს, რადგან 20 ივნისის მოვლენებზე, თანამშრომლის სტატუსზე დააკომენტარა, რომ სიძულვილის ენით მოლაპარაკე ყველა უნდა დასჯილიყო. დალი ქაჩიბაიას თქმით, მერი ამბობს, რომ მას სულ აგინებდ, რაც ასე არ ყოფილა და მხოლოდ იმს საუბრობდა, რომ ნორმალურად საქმის კეთების საშუალებას სამსახურში არ აძლევდნენ.

რამდენიმე თვის წინ, როცა გიორგი გახარია პირველი გზავნილებით გაახმოვანა გადადგომის შემდეგ, ფეისბუკზე მოიწონა საჯროდ მისი ეს მესიჯები. ამბობს, რომ მოსწონს სხვა, ცალკეული პოლიტიკოსების, მაგალითად ანა დოლიძის განცხადებები, თუმცა არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და რჩება "მწვანეთა პარტიაში". დალი ქაჩიბაია არ ფიქრობს, რომ მისი დათხოვნის საფუძველი, გახარიას მიმართ გამოხატული სიმპათიები იყო. სატელეფონო საუბარში ლევან კუპრეიშვილმაც უთხრა, რომ პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებია.

მისივე თქმით, მერის სხვა ადმინისტრაციულ გადაცდომებზე მოგვიანებით ისაუბრებს, - "მერია თავისი კანტორა ჰგონია", - ამბობს ყოფილი თანამშრომელი.

მერიიდან დათხოვნილი ბრძოლას სასამართლოს გზით განაგრძობს საკუთარი უფლებებისთვის. გეგმავს სახალხო დამცველს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართოს.