ახალი ამბები
გავათავისუფლე, რადგან სენაკისთვის, სამსახურისთვის არაფერი გაუკეთებიათ - სენაკის მერი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, დალი ქაჩიბაია და მისი შვილი იმ მიზეზით დაითხოვა, რომ არაფერს აკეთებდნენ. ლევან კუპრეიშვილის მტკიცებით, მეტიც, დალი ქაჩიბაია იყო ძალიან კონფლიქტური ადამიანი, ვინც მერიის, კოლექტივის დისკრედიტაციას ეწეოდა ლანძღვა-გინებით, შეურაცხყოფებით და სამსახურში მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით იყო, ამ ფონზე კი სხვის გაკეთებულს აკრიტიკებდა მუდმივად. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი ირწმუნება, რომ იმ სამსახურში, სადაც დათხოვნილი საჯარო მოხელე მუშაობდა, არაერთი პროექტი განახორციელეს, მოიზიდეს გრანტები, თუმცა თავად დალი ქაჩიბაიას ამ ყველაფერში წვლილი არ მიუძღვის.

"გავათავისუფლე ერთი მარტივი მიზეზის გამო - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მუნიციპალიტეტისთვის, საქმისთვის, ჩემთვის არის ნული. ახლა იტყვის, არ გამაკეთებინესო. ტელეფონზე ვესაუბრე და მკითხა, ოთხი წელია მერი ხარ და სენაკისთვის რა გაგიკეთებიაო? მთელმა სენაკმა იცის რა გავაკეთე. მინიმუმ 35 მილიონის ინფრასტრუტურა, კორუფციის და მიკერძოების გარეშე", - უთხრა ლევან კუპრეიშვილმა "ლაივპრესს".

მერის თქმით, გათავისუფლებას წინ არაერთი საყვედური და გაფრთხილება უძღოდა, ამიტომ დათხოვნას კონკრეტული საფუძველი აქვს და ამ გადაწყვეტილებაში არაფერია პირადული. მანვე აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეობა ძალიან დიდი სტატუსი და პასუხისმგებლობაა, ის კი, ვისაც ეს შინაგანად არ ესმის და მერია ლანძღვა-გინების და უსაქმურობის პოლიგონი ჰგონია, არც არის ღირსი აქ მუშაობის. სატელეფონო საუბარში, ლევან კუპრეიშვილი ამბობს, რომ მკაფიოდ მიუთითა ყოფილ თანამშრომელს, მიმართოს სასამართლოს და აღადგენენ პოზიციაზე, თუკი მართალია და განაცდურსაც მიიღებს:

"მწვანეებში ხარ? გავიგე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. იყავი. ნახეთ მისი ფეისბუკზე ლანძღვა-გინების პოსტები? რისთვის უნდა შევხვდე ამ ადამიანს? რა მჭირს ვინმეს სალანძღავი? კაცი რომ იყოს, შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. არაფერი გაუკეთებია და ვხედავ, არც არაფრის მაქნისია. სანამდე უნდა გაგრძელდეს?".

მერის თქმით, მართალია ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა სამართლიანი. მისი განმარტებით, ყოფილი თანამშრომლის ადგილას დიდი ხნის წინ წავიდოდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ის ოქტომბრის არჩევნებში მერობისთვის ხელახლა არ იბრძოლებს, ამბობს, რომ მერობა არც უნდოდა და "ქართული ოცნების" გუნდს არ მიუტოვებია, როგორც დალი ქაჩიბაია ირწმუნება. ლევან კუპრეიშვილი მერობის მოქმედ კანდიდატს მეგობრად მოიხსენიებს, რომელსაც მხარს უჭერს და დარწმუნებულია, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

სენაკის მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ის და მისი შვილი მერმა, ლევან კუპრეიშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა. დალი ქაჩიბაიამ დათხოვნის შესახებ წერილი სახლში ფოსტით 21 აგვისტოს მიიღო. ის ეკონომიკის სამსახურში, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა, შვილი კი სენაკში მერის რწმუნებულის ადმინისტრციაში სპეციალისტად. დალი ქაჩიბაიას განცხადებით, გათავისუფლების ბრძანებაში არ არის განმარტებული, რა მიზეზით მიიღო ლევან კუპრეიშვილმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა წარსულში ის მერთან უთანხმოებაზე საუბრობს.